GE


რას აკეთებენ მოსწავლეები სასკოლო კლუბებში – საჯარო სკოლებში არსებული პრაქტიკა

მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, იდეების პრაქტიკულად განხორციელება სასკოლო კლუბებში შეუძლიათ. კლუბებში საქმიანობა ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციას ზრდის, შემოქმედებით უნარებს ავითარებს, მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს. 

EDUKIDS.GE თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბი სწორედ მოსწავლეებისა და მშობლების აქტიურობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს. 

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში რამდენიმე სასკოლო კლუბი ფუნქციონირებს. მათ შორის, ხელოვნების, სპორტული, სამოქალაქო განათლების, წიგნის მოყვარულთა და ეკოლოგთა კლუბები.

სკოლის დირექტორი მზია თევზაძე ამბობს, რომ მოსწავლეები უფრო აქტიურად სამოქალაქო და ეკოკლუბებში არიან ჩართული. სამოქალაქო კლუბის ფარგლებში, დირექტორის თქმით, წევრები სხვადასხვა საკითხზე, დებატებს მართავენ, ატარებენ საქველმოქმედო აქციებს. მზია თევზაძე ამბობს, რომ კლუბი თვითმმართველობის მიერ, ბავშვების ინიციატივით შეიქმნა.

სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლაში ეკოლოგთა და სამოქალაქო განათლების კლუბები ფუნქციონირებს. სკოლის დირქეტორი მარინა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ უფრო აქტიურად მოსწავლეები ეკოკლუბის საქმიანობაში არიან ჩართული.

„ეკოლოგთა კლუბში უფრო მეტად უმცროსკლასელები არიან გაწევრიანებული. რგავენ მცენარეებს, ასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას. ცოტა ხნის წინ, განხორციელდა პროექტი – გამწვანდა არამხოლოდ სკოლის, არამედ სოფლის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის ტერიტორიაც. უშვებენ კედლის გაზეთს“, – ამბობს დირექტორი. ეკოკლუბში, დაახლოებით, 50-მდე მოსწავლეა გაწევრიანებული.

რაც შეეხება სამოქალაქო განათლების კლუბს, მარინა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ მის საქმიანობაში, დაახლოებით, 30 მოსწავლეა აქტიურად ჩართული, – „მსოფლიო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს; ტურებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა კიდეც სამოქალაქო განათლების ტურში და საჩუქრები მიიღო. ასევე, კედლის გაზეთზე მუშაობენ“.

დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეების სურვილი თუ იქნება, სკოლა სხვა კლუბების ჩამოყალიბებისთვის მზადაა.

თბილისის 102-ე სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივები, პროექტების სახით, სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში ხორციელდება.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი მანანა ოქროპირიძე ამბობს, რომ მომავლის თაობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი კლუბი „თანასწორობა“ თეორიაში ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. ამ მიზნით, როგორც პედაგოგი ამბობს, მოსწავლეები, თვითმმართველობების შესახებ მასალის გავლისას, ადგილობრივ თვითმმართველობაში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ინფორმაციას, მაგალითად, დეცენტრალიზაციის შესახებ.

კლუბში ჩართული მოსწავლეები სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ, მათ შორის, იყო პროექტი – „უსაფრთხო გზა სკოლისკენ“.

„ბავშვების მიერ მოფიქრებული ინიციატივები პროექტის სახით იწერება. ყველა ინიციატივა ხორციელდება პროექტების სახით. მათ შორის იყო, „რა? სად? როდის?“ – ეს პროექტიც „თანასწორობის“ კლუბის ფარგლებში შედგა“, – ამბობს პედაგოგი. კლუბის საქმიანობაში 40-50 წევრია ჩართული.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლაშიც, ნორჩ გამომგონებელთა კლუბი შემოქმედებითი მოსწავლეების ინიციატივით დაფუძნდა.

„ბავშვებს გამოგონებების მიმართ მიდრეკილება ჰქონდათ. იდეა სამეურვეო საბჭომ განიხილა და შემდეგ ჩამოყალიბდა კლუბი“, – ჰყვება სკოლის საქმის მწარმოებელი მარინა კენჭაძე.

კლუბში შვიდი ბავშვია გაწევრიანებული. მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ფხაკაძე EDUKIDS.GE-სთან საუბრისას ჰყვება, რომ კლუბის ფარგლებში მომზადებული პირველი პროექტი წარმატებული იყო.

მოსწავლეებმა საევაკუაციო ლიფტის პროექტი შექმნეს, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე, საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ხანძრის დროს, შეძლებს შენობიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის