GE


ვინ და როგორ ზრუნავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე

2016 წელს, ბავშვზე ძალადობის 610 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 324 დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებში შედის ბავშვზე ძალადობა ოჯახში, ქუჩაში, სკოლაში, ასევე, ადრეული ქორწინება. მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერაა მოწოდებული.

სააგენტოს EDUKIDS.GE მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გაეროში წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშის შინაარსის შესახებ გახდა ცნობილი. ამ ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვია აღრიცხული. კანონმდებლობის თანახმად, ამ ბავშვებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსაც ეკისრება. ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია 946-დან მხოლოდ 10 ბავშვს გაეწია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც სააგენტოში განმარტეს, მსხვერპლი ბავშვების მზრუნველობაზე სახელმწიფო სხვადასხვა სამსახურს აკისრებს და ყველა ბავშვი ფონდის თავშესაფრებში არ ხვდება. ფონდი შესაბამის დახმარებას ბავშვს მიმართვის შემთხვევაში უწევს.

„მომართვა შესაძლოა იყოს ოჯახის წევრის მხრიდან, უბნის ინსპექტორის შეტყობინების საფუძველზეც, ასევე დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში სოციალურმა მუშაკმა გადმოამისამართოს ჩვენთან, შესაძლოა მოგვმართოს პირმაც, რომელმაც შეიტყო ოჯახში ძალადობის შესახებ (მაგალითად მეზობელმა). სხვა შემთხვევაში ბავშვზე ორინეტირებული საკმაოდ კარგი სერვისები აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კუთხით უკვე ისინი არიან ბავშვზე პასუხისმგებელი პირები“, – განმარტეს ფონდში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს ხელმძღვანელი ხათუნა ჯიქია განმარტავს, რომ სააგენტოში შესული შეტყობინების შინაარსის შესაბამისად, კომპეტენტური მომსახურების გასაწევად, ბავშვებს სხვადასხვა სამსახურში ამისამართებენ.

„რაც შეეხება იმას, რატომ ჩანს ასეთი შედეგი – ყველა მსხვერპლი ბავშვი ტრეფიკინგის  სახელმწიფო ფონდში არ ხვდება. ზოგი სახელმწიფო მზრუნველობაში, მინდობით აღზრდაში გადადის , ზოგი ოჯახში რჩება თუკი იქ შესაბამისი უსაფრთხო გარემოა.   არსებობს სხვადასხვა სერვისი, სადაც ვამისამართებთ მომართვის ან შეტყობინების დადასტურების შემთხვევაში.

თუ ოჯახში ძალადობა მოხდა და გამოიძახეს პატრული, იგი შემაკავებელ ოქმს ადგენს. თუ რომელიმე მშობელს მსხვერპლის სატატუსი მიენიჭება, ბავშვი მასთან ერთად განთავსდება (ტრეფიკინგის ფონდის შესაბამის თავშესაფარში). თუკი მხოლოდ ერთერთ მშობელს მიენიჭება ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ბავშვს არა,  მათ არ დავაშორებთ, ისინი ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში განთავსდებიან და ყველა მომსახურებას ფონდი უწევს“, – აღნიშნა ხათუნა ჯიქიამ.

ადგილზე სიტუაციას სააგენტოს სოციალური მუშაკი აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, ვინ და როგორ შეიძლება იზრუნოს ბავშვზე.

„თუ ძალადობის მსხვერპლი ბავშვია, ვერთვებით პროცესში, ვადგენთ მოძალადე ორივე მშობელია თუ ერთი, გაგვყავს ოჯახიდან, განვათავსებთ რომელიმე ნათესავთან.

მაგალითად, დაგვირეკა შსს-მ, მივედით, ვნახეთ, რომ მსხვერპლი ბავშვია. პატრული წერს შემაკავებელ ორდერს ორივე მშობლის მიმართ. სოციალური მუშაკი ეძებს მშობლიურ გარემოს ბავშვისთვის, ნათესავებს. თუ ნათესავთან ვერ გადაგვყავს, მაშინ მინდობით აღზრდაში გადაგვყავს. ასეთ ბავშვებს  მომსახურებას ჩვენი  ფსიქოლოგი უწევს“, – ამბობს ჯიქია.

ისეთ შემთხვევაში, როცა მომხდარს პატრული არ მიიჩნევს ძალადობად, სოციალური მუშაკი კი მას ძალადობად აფასებს, დამცავ ორდერს ამ შემთხვევაში სასამართლოსგან ელოდებიან და შემდეგ განათავსებენ ბავშვს შესაბამის გარემოში.

„თუ სასამართლომაც არ დაამტკიცა ორდერი, მაგრამ სოციალური მუშაკი მაინც თვლის, რომ ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და მისი ოჯახში დატოვება არ შეიძლება, მაინც გამოჰყავს ოჯახიდან“, – განმარტა ჯიქიამ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვიდან ფსიქო-სოციალური დახმარება ათ ბავშვს გაეწია

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის