GE
„უპასუხისმგებლობაა ბავშვისთვის უფლების მიცემა, მისთვის უცნობ სამყაროში იხეტიალოს“

ვინ იცავს ბავშვებს ვირტუალურ სივრცეში არსებული პოტენციური საფრთხეებისგან და ვინაა ვალდებული, ბავშვები ამ სივრცისთვის მოამზადოს? სოციალურ ქსელში მოზარდებს რეგისტრაცია შეუზღუდავად შეუძლიათ, ამასთან, ისინი რეგისტრაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პირობებს ან არ კითხულობენ, ან არ ესმით, რა წერია ამ პირობებში.

აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობის დონეზე ინგლისში შეეხნენ. BBC იუწყება, რომ ბავშვთა საკითხების უმაღლესმა კომისარმა ენ ლონგფილდმა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს, რომ ვირტუალურ სივრცეში არსებულ ისეთ პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც არის ბულინგი, ბავშვებს თავად უწევთ. იგი სწორედ იმაზე საუბრობს, რომ მათ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს.

ლონგფილდი წერს, რომ ბავშვების ონლაინკონფიდენციალობის დასაცავად ახალი კანონებია მოსამზადებელი. იგი საჭიროდ მიიჩნევს ომბუდსმენის აპარატის შექმნასაც, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებს.

კომისარის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვები ზედამხედველობის გარეშე არიან დატოვებული და მათ უწევთ, თავად შეისწავლონ ვირტუალური სამყარო. მშობლები კი იმედოვნებენ, რომ მათი შვილები ინტერნეტის მხოლოდ პოზიტიური შესაძლებლობებით ისარგებლებენ.

„ინტერნეტი არის წარმოუდგენლად კარგი შესაძლებლობა, მაგრამ სრული უპასუხისმგებლობაა, ბავშვებისთვის უფლების მიცემა, შეუზღუდავად იხეტიალოს იმ სამყაროში, რომლისთვისაც ისინი ჯერ მზად არ არიან“, – ამბობს უმაღლესი კომისარი.

მისი რეკომენდაციით, ბავშვებმა უნდა ისწავლონ „ვირტუალური მოქალაქეობა“, რათა გაიგონ, რა უფლებები და პასუხისმგებლობები აქვთ ინტერნეტში. ამ გზით, ისინი ონლაინაქტივობისთვის მოემზადებიან.

„სოციალური მედიის კომპანიებმა უნდა გადახედონ რეგისტრაციის პირობებს, დაწერონ იგი უფრო მარტივი ენით, რათა ბავშვებისთვის გასაგები იყოს, რას ეთანხმებიან“, – ნათქვამია კომისრის ანგარიშში.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის