GE


„სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ – რეკლამის ავტორს სახალხო დამცველი მიმართავს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სანტა კლაუსისა და თოვლის ბაბუის დაპირისპირების ამსახველი ვიდეორგოლი მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე. უჩა ნანუაშვილი კლიპის დამამზადებელ New Studio-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება.

ვიდეორგოლი – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. ბავშვის ფსიქიკაზე შესაძლო გავლენის შესახებ ფსიქოლოგებიც საუბრობენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია არასრულწლოვანთა  გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის  ბოროტად გამოყენება და რეკლამაში  ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი დაცული უნდა იყოს ტექნოლოგიური საშუალებებით ისეთი ინფორმაციის მიღებისგან, რომლის შედეგადაც შესაძლოა იგი აგრესიული, ძალადობრივი რეკლამის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

სარეკლამო რგოლის დასაწყისში წარმოჩენილია საახალწლო ინტერიერი, რაც  თავისთავად იქცევს ბავშვის  ყურადღებას. შემდეგ კი ნაჩვენებია ძალადობრივი სცენა, რომელსაც ბავშვიც ესწრება. არსებობს საფრთხე, რომ არასრულწლოვნები არასათანადოდ აღიქვამენ რეკლამის სიუჟეტს, რამაც შესაძლოა მათ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რეკლამაში, რომელშიც მონაწილეობს ბავშვი, ან რომელიც მიმართულია არასრულწლოვან აუდიტორიაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

„რა უფლება გვაქვს მოზრდილებს, ასე უხეშად გავუნადგუროთ ფანტაზია ბავშვებს?“

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის