GE
საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამჯერ გამოყენებული სახელმძღვანელოებითაც უწევთ სარგებლობა

საქართველოს საჯარო სკოლებში, მოსწავლეების უმრავლესობა ორჯერ ან მეტჯერ გამოყენებული სახელმძღვანელოებით სარგებლობს.

მშობლები EDUKIDS.GE-სთან საუბრისას, ამბობენ, რომ წიგნები გამოყენების პირველივე წელს ისეთი უხარისხოა, რომ ორჯერ და მეტჯერ გამოყენებული სახელმძღვანელოები ბავშვებს სწავლის პროცესს ურთულებს.

განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რომ სკოლებისთვის გაცემული წიგნების 35% ახალია, 65% კი – ორჯერ ან სამჯერ გამოყენებული. რამდენია ამ 65%-ში ისეთი სახელმძღვანელო, რომელსაც წელს უკვე მესამე მოსწავლე იყენებს, უწყებას ინფორმაცია არ აქვს, რადგან ამ კატეგორიის წიგნები რესურსცენტრებმა გადაანაწილეს.

EDUKIDS.GE რეგიონების სამ და დედაქალაქის ერთ სკოლას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, სკოლების ნაწილს, არც მიმდინარე და არც გასულ სასწავლო წლებში, ახალი სახელმძღვანელოები არ მიუღია.

თელავის N3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში EDUKIDS.GE-ს თხოვნით, წიგნები გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ ახალი, 180 წიგნი წელს მხოლოდ პირველ და მეორე კლასელ მოსწავლეებს დაურიგდათ. მესამედან მეთორმეტემდე კლასებში კი მოსწავლეები ერთსა და იმავე სახელმძღვანელოს, უკვე მესამედ იყენებენ. ასეთი სახელმძღვანელოების რაოდენობა 1671-ია.

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მზია თევზაძე ამბობს, რომ სკოლაში 16 697 წიგნია გადანაწილებული და თითქმის ყველა მეორადია.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის დირექტორი ციალა მახარაძე ამბობს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, მოსწავლეების სარგებლობაში არსებული წიგნების 70% მეორადია, დანარჩენი – ახალი.

როგორც თბილისის N51 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, სახელმძღვანელოების დაახლოებით 15-20%-ია ახალი, დანარჩენი კი – გამოყენებული. შარშან გამოცემული წიგნები, საერთო რაოდენობის, დაახლოებით 35%-ია. რაც შეეხება დანარჩენ სახელმძღვანელოებს – ზოგიერთი მოსწავლე 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში გამოცემულ წიგნებსაც იყენებს.

EDUKIDS.GE-სთან საუბრისას, სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა რუსუდან მარკოზიამ აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის გაცემული ყველა წიგნი კარგ მდგომარეობაშია. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ახალ წიგნებს ითხოვს, – „196 დედა-ენიდან, რაც მოსწავლეებზე გაიცა, 51 ახალია, დანარჩენი მეორადი. 2011-2016 წლებში სულ 348 დედა ენა მივიღეთ და წლევანდელი 51-ის ჩათვლით, 196 დაგვრჩა“.

2016-2016 სასწავლო წლისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, დაახლოებით, 370 ათასი წიგნი დაიბეჭდა. 2015 წლის მონაცემებით, 2085 საჯარო სკოლაში, დაახლოებით, 500 ათასი მოსწავლე სწავლობს.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის