GE


როდის და როგორ ვუთხრათ ბავშვს – „არ შეიძლება“

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბავშვის პროტესტს, რომელსაც იგი მაგალითად ტკბილეულის აკრძალვის დროს გამოხატავს; როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი მისთვის ნების მიცემასა და შეზღუდვას შორის ისე, რომ ნეგატიური უკუკავშირი არ გამოვიწვიოთ? ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი „ფაზლის“ ფსიქოლოგი სალომე მაჩიტიძე ბავშვთან წინასწარ შეთანხმებას და ბალანსის დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ზედმეტი არც აკრძალვა და არც თავისუფლება კარგი არ არის, მშობელი უნდა შეეცადოს, გამოიყენოს დაბალანსებული მიდგომა. შესაძლოა ახალ წელს ბავშვს ჩვეულებრივზე მეტი ტკბილეულის ჭამის უფლება მივცეთ, თუკი ეს ბავშვის ასაკისთვის და ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იქნება. ეს რამდენიმე დღე მის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს და ნუ ჩავუხშობთ ახალი წლის სიხარულს. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი. შესაძლოა მშობელი წინასწარ შეუთანხმდეს ბავშვს, თუ რა რაოდენობის ტკბილეულის აღების უფლება აქვს დღის განმავლობაში და მიჰყვნენ უკვე არსებულ შეთანხმებას“, – განმარტავს ფსიქოლოგი EDUKIDS.GE-სთან საუბრისას.

ამასთან, თუ მშობელი შეძლებს და დაანახებს ბავშვს, თუ რა მოჰყვება მის კარგ ან ცუდ საქციელს, მისი დათანხმება გაუადვილდება. აკრძალვებისა თუ ნების მიცემის ზომიერება კი ნეგატიურ შედეგებს შეარბილებს.

„ბავშვმა უნდა იცოდეს, რას მოელიან მისგან უფროსები, რა არის დასაშვები და რისი გაკეთება არ შეუძლია. ამასთან ერთად ბავშვმა უნდა იცოდეს რა მოჰყვება მის კარგ/ცუდ საქციელს. ზედმეტი თავისუფლება და წესების არარსებობა პრობლემებს შექმნის მშობლის და შვილის ურთიერთობაში, ბავშვის ქცევა იქნება არაპროგნოზირებადი და არასტრუქტურირებული, რაც მომავალში ხელს შეუშლის სტრუქტურირებულ გარემოში მის ფუნქციონირებას, წესების მიყოლას, მორჩილებას. ზედმეტმა შეზღუდვამ შესაძლოა ნელ-ნელა შეამციროს ბავშვის ინიციატივა, რომ გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ აქტივობებში, იკვლიოს სამყარო, გაიჩინოს ახალი ინტერესები, რაც ხელს შეუშლის მის განვითარებას და მომავალში უარყოფითად აისახება თვითშეფასებაზე“, – აღნიშნავს სალომე მაჩიტიძე.

რაც შეეხება ბავშვთან ოჯახის დანარჩენი წევრების ურთიერთობას, როცა დედა ამბობს – „არ შეიძლება“, მამა კი ნებას რთავს, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ შეთანხმება, ბავშვის თანდასწრების გარეშე, მნიშვნელოვანია.

„დედას და მამას ბუნებრივია რომ რაღაც შემთხვევებში ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, თუმცა ამის განხილვა არ უნდა მოხდეს ბავშვის თანდასწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრის შეთანხმებულობა ბავშვის აღზრდის პროცესში. როდესაც ბავშვთან არსებობს გარკვეული წესები და ამ წესებს ოჯახის ყველა წევრი მიჰყვება, ეს მის ქცევას უფრო პროგნოზირებადს და ორგანიზებულს ხდის. მშობლების განსხვავებულმა მიდგომამ შესაძლოა ბავშვის თვალში ეჭვქვეშ დააყენოს ერთ-ერთი მშობლის ავტორიტეტი, რაც ცხადია კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ბავშვის აღზრდის პროცესში“, – ამბობს ფსიქოლოგი.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის