GE


რჩევები მჩაგვრელი ბავშვების მშობლებისთვის

მშობლები, უფრო ხშირად, ღელავნ იმაზე, რომ მათი შვილი „კიბერბულინგის“ – ინტერნეტიდან მომდინარე ჩაგვრის მსხვერპლია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა თქვენი შვილია ამ ჩაგვრის წყარო?

რჩევები, როგორ მოიქცეს მშობელი, როცა მის შვილს ჩაგრავენ, ბევრია, მაგრამ ცოტა საუბრობს იმ მშობლებისთვის, ვისი შვილებიც მჩაგვრელების როლში არიან.

BBC-მ რჩევა ექსპერტებსა და ნიკოლა ჯენკინსს სთხოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მისი 12 წლის გოგონა სკოლის მეგობრებს ჩაგრავს.

„არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებს ცუდად მოექცევა, ან ცუდ რამეს ეტყვის. მათ ვურჩევ, სოციალური ქსელის ყველა გვერდზე შევიდნენ და დარწმუნდნენ, რომ ბავშვები ინტერნეტს სათანადოდ იყენებენ.

ერთ დღეს, სკოლიდან მასწავლებელმა დამირეკა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, და მითხრა, რომ ჩემს შვილსა და ორ მეგობარს შორის არასასიამოვნო მიმოწერა ნახა. ერთერთი, შეტყობინებამ ისე გააღიზიანა, რომ მასწავლებელს უთხრა.

ამ ბავშვის დედა მე მესაუბრა და შეტყობინებებიც მაჩვენა. როცა ჩემს შვილს ამის შესახებ ვუთხარი, მან ჯერ ყველაფერი უარყო. როცა გავუბრაზდი, გავარკვიე, რომ მესიჯებს იგი გზავნიდა. ვესაუბრე მასწავლებელს და სხვა მშობლებს. ამის შემდეგ, ბავშვებს ვუთხარით, რომ რაც არ უნდა მიწერონ ერთმანეთს, ამის შესახებ ინფორმაცია ჩაწერილია და ინახება.

გარკვეული პერიოდით, ჩემი შვილის კომპიუტერიდან და ტელეფონიდან სოციალური მედიის ყველა ვებსაიტი დავბლოკე. მიუხედავად ამისა, სიბრაზესთან ერთად, სირცხვილსაც განვიცდიდი იმის გამო, რომ ჩემს შვილს ასეთი საქციელის ჩადენა შეუძლია. ვფიქრობ, რომ მომხდარი მისთვის გაკვეთილი იყო.

თქვენ გსურთ, რომ საკუთარ შვილებს ენდოთ, მაგრამ ისინი ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში იგდებენ თავს, საიდან დაღწევაც უჭირთ“, – ამბობს ჯენკინსი.

არასამთავრობო ორგანიზაციის INTERNET MATTERS – თანახმად, 13-დან 18 წლამდე ხუთი მოზარდიდან ერთი ამბობს, რომ ჩაგვრის მსხვერპლია. ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვია მჩაგვრელი.

ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი კეროლაინ ბანტინგი რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს მშობლებს.

„პირველი, დასხედით მათთან ერთად და სცადეთ, ინციდენტის შესახებ ფაქტები გაარკვიოთ. როგორც მშობლები, ზოგჯერ არასწორად ვაფასებთ ფაქტებს, როცა საქმე საკუთარ შვილებს ეხება – სცადეთ, რომ მის დამცველებად არ გამოხვიდეთ. ესაუბრეთ იმ გარემოებაზე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია გაბრაზება ან აშლილობა და ამ გრძნობების ინტერნეტში გამოხატვისკენ ებიძგა.

მნიშვნელოვანია, რომ მასთან საუბრისას სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ტელეფონის წართმევას შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვეს. ამან შეიძლება სიტუაცია გაართულოს და ბავშვი წაახალისოს, ინტერნეტში შესაღწევად სხვა გზები მოძებნოს. ამის ნაცვლად, იფიქრეთ შეზღუდვებზე და კონკრეტული პრივილეგიების ჩამორთმევაზე, თუ კვლავ აგრძელებს სხვების ჩაგვრას“.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის