GE


„რა უფლება გვაქვს მოზრდილებს, ასე უხეშად გავუნადგუროთ ფანტაზია ბავშვებს?“

სახლში, საჩუქრების დასატოვებლად საკვამურიდან ჩასულ სანტა კლაუსს ოთახში თოვლის ბაბუა ხვდება, წარმოდგენა მოულოდნელი სცენარით ვითარდება და მკვლელობით სრულდება – ამ შინაარსის ვიდეორგოლს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სოციალურ ქსელში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

კრიტიკული განცხადებების ავტორთა უმრავლესობა ბავშვის ფსიქიკაზე ვიდეორგოლის უარყოფითი გავლენის შესახებ საუბრობს და მას მკვლელობის წამახალისებლად მიიჩნევს. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოს ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენაც მოუწოდა.

ვიდეოს ასაკის შემზღუდავი ნიშანი (+16) აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში ნებისმიერი მასალა 16 წლამდე მოზარდებისთვისაც ხელმისაწვდომია. EDUKIDS.GE ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პოტენციური საფრთხის შესახებ მოსაზრებები გაიზიარა.

„პირველი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ იმედის წართმევის თემაა ეს ვიდეორგოლი, იგი თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსს აპირისპირებს ისე, თითქოს მტრები არიან და ამ დაპირისპირებაში ვიღაც იმარჯვებს. ეს ეწინააღმდეგება იმ შინაარსს, რისთვისაც ეს გმირი შეიქმნა – ეს გმირი შეიქმნა იმისთვის, რომ საზეიმო განწყობა შექმნას.

ავტორს ის გამოუვიდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა. მაგრამ რამდენად გვაქვს მოზრდილებს უფლება, ასე უხეშად გავუნადგუროთ ფანტაზია ბავშვებს – ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რა მორალი გვაძლევს ამის უფლება“, – ამბობს ნინო გოგიჩაძე.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ იუმორი, რომელიც პროდუქტშია ნაგულისხმევი, ბავშვისთვის გაუგებარი და დამაბნეველი იქნება. ნანახი სცენა კი მისთვის შესაძლოა მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს.

„შეიძლება ბავშვს აღარ სჯერა თოვლის ბაბუის ან სანტა კლაუსის, მაგრამ ერთის გამოყვანა უკულტურო არსებად, რომელიც ჭუჭყიან ხელს იწმენდს ნაძვის ხის ბაფთაზე და მეორის გამოყვანა მკვლელად, რომელიც დანაშაულის კვალის განადგურებას ცდილობს, ეს გაუგებარი იქნება ბავშვისთვის. ვერ გაიგებს, რა შუაშია ან თოვლის ბაბუა, ან სანტა, რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა შუაშია ახალ წელთან ეს მკვლელობა. ამას ბავშვი დანაწევრებულ სცენებად აღიქვამს, გადაუბმელი სიუჟეტია, მაგრამ ეს მისთვის მტკივნეული იქნება. შეიძლება მსგავსი შინაარსი მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს: მაშინ, როცა საჩუქარს ელოდება სანტასგან და იგი მოუკლეს. ასე სასტიკად გავუცრუოთ ბავშვს იმედი, გვაქვს ამის უფლება?

მედიაპროდუქტი შეიძლება სანახაობრივია, მაგრამ ეს სანახაობრივი პროდუქტი ბავშვზე მძიმე ეფექტს ახდენს. ამასთან, შეიძლება მასში შავი იუმორია, მაგრამ პატარები ამ იუმორს ვერ გაიგებენ. ასეთი სისასტიკე, ბავშვებისთვის ზეიმის შესაქმნელად ხელსაყრელი ფორმა არ არის“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

იგი მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლის ნახვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ბავშვს მშობელი გაესაუბროს, – „მშობელმა უნდა განუმარტოს ბავშვს, რომ ეს იუმორია, რომ ეს ვიდეოს ავტორის მცდელობაა, იყოს გამორჩეული. ისინი ეძებენ რამეს, რაც არავის არ გაუკეთებია. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ისინი მსახიობები არიან და სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მას არ შევუქმნათ ილუზია, თითქოს სანტა კლაუსი ან თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს. მაგრამ იმედის გაცრუება სასტიკი ფორმით, მიუღებელია“.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის