GE


რა როლი აქვს მამას ბავშვის განვითარებაში

მამა წარმოუდგენლად დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარების პროცესში – ენისა და გონებრივიდან, სოციალური უნარების განვითარებამდე. ამ დასკვნამდე მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები, კვლევის საფუძველზე მივიდნენ. კვლევის შედეგები ორ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა – Early Childhood Research Quarterly  და Infant and Child Development.

„ადრინდელი კვლევებიდან გამომდინარეობდა, რომ მამას ბავშვის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდა და დედა არის ის ერთადერთი, ვინც ბავშვის აღზრდაზე გავლენას ახდენს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მამებს ნამდვილად აქვთ პირდაპირი, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გავლენა ბავშვებზე“, – ამბობს კვლევის პროექტის ხელმძღვანელი კლერ ვალოტონი.

კვლევის პროცესში 730 ოჯახის მონაცემების გაანალიზებით, მკვლევრებმა გამოიკვლიეს მშობლების სტრესისა და მენტალური მდგომარეობის, როგორიცაა დეპრესია, გავლენა მათ შვილებზე. მშობლების სტრესი და მენტალური პრობლემები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ბავშვებთან, საბოლოოდ კი – ბავშვის განვითარებაზე.

კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ მამის, მშობლობასთან დაკავშირებულ სტრესს ცუდი გავლენა აქვს 2-დან 3 წლამდე ბავშვების კოგნიტურ და ენის განვითარებაზე, მაშინაც კი, როცა დედის გავლენა მხედველობაში იყო მიღებული. კვლევის პროცესში გავლენა განსხვავდებოდა სქესის მიხედვით. მაგალითად, მამის გავლენას, უფრო დიდი ეფექტი ჰქონდა ბიჭების ენის განვითარებაზე, ვიდრე – გოგონების (ენის განვითარება ნიშნავს ბავშვის უნარს, გაიგოს და გამოიყენოს ენა).

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა: მამისა და დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაახლოებით მსგავსი გავლენა აქვს ბავშვების ქცევით პრობლემებზე. ამასთან, მამის მენტალურ მდგომარეობას აქვს უფრო ხანგრძლივი გავლენა, როცა ბავშვი დაახლოებით მეხუთე კლასის მოსწავლის ასაკისაა. ფატობრივად, მამის დეპრესიული სიმპტომები უფრო მეტ გავლენას ახდენს მცირეწლოვანი ბავშვის შემდგომ სოციალურ უნარებზე, ვიდრე დედის დეპრესიული სიმპტომები.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვის განვითარების პროცესში მამაც და დედაც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული და მამის როლი ბავშვის მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა არ უნდა იყოს.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის