GE


რა ღონისძიებები უნდა გატარდეს გრიპის ვირუსის გამო დახურულ სკოლებში

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლებში, თუ ისინი გრიპის ვირუსის გამო დაიხურება? – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ სპეციალურად EDUKIDS.GE-ს მკითხველისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მიმართა.  გამყრელიძის განმარტებით, ასეთ დროს დეზინფექციის ჩატარებას პირდაპირი ეფექტი არ აქვს თუმცა, მაინც რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება.

„სასურველია, რომ სკოლაში დაცული იყოს ზოგადი ჰიგიენური ნორმები, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა უნდა დალაგდეს, და დალაგდეს სველი წესით. გრიპის ვირუსს საინკუბაციოდ 2–4 დღე აქვს ვადა, ანუ ამ 2–4 დღეში არის გადადების საშიშროება. შესაბამისად, სამი დღით სკოლების დახურვა ამ რეკომენდაციით ხდება“,– თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს გავრცელებული არის A ტიპის H3 ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქია, ვიდრე ეს შარშან იყო, H1 N1- ის შემთხვევაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ დაავადებული/სიცხიანი ბავშვი დარჩეს სახლში და მისი გარემოც დალაგდეს, ასევე სველი წესით. ერთ დღე-ღამეზე მეტად სიცხის გაგრძელების შემთხვევაში კი, მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს და შემდგომი მკურნალობა მისი მეთვალყურეობით განაგრძონ. ამირან გამყრელიძე მშობლებს ურჩევს, ჯანმრთელი შვილები სახლში არ დატოვონ და ამით სკოლებსა და ბაგა–ბაღებში გაცდენების ხელოვნურ მატებას არ შეუწყონ ხელი.

სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა შეწყდება

ქეთი გიგოლაშვილი

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის