ინფექციებისგან მოსწავლეების დასაცავად სკოლის ექიმები ინსტრუქციებს მიიღებენ https://edukids.ge/ambebi/infeqciebisgan-moswavleebis-dasacavad-skolis-eqimebi-instruqciebs-miigeben.html

სხვადასხვა ტიპის ინფექციებისგან მოსწავლეების დასაცავად და ზოგადად, გართულებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმები ინსტრუქციებს მიიღებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სკოლის ექიმებისთვის პრევენციული ზომების შესახებ გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი დაიწყო და როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, „ახალი სემესტრიდან მოსწავლეები სკოლებში უფრო კვალიფიციურ სამედიცინო რჩევებს მიიღებენ“.

როგორც EDUKIDS.GE-მ განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში გაარკვია, ამ დრომდე, 365 სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი. 2017 წლის ბოლომდე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში 500 კაბინეტის მოწყობაა დაგეგმილი.

სააგენტოში აღნიშნეს, რომ პროექტისთვის რაიონულ ცენტრებში არსებული ყველაზე დიდი სკოლები შეირჩა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა პროექტი და ექნება თუ არა ექიმის კაბინეტი ყველა სკოლას.