GE


„ნიშნებით შეფასების ბნელი მხარე“ – რა მნიშვნელობა აქვს სკოლაში მიღებულ ნიშნებს

ბავშვის სკოლაში მიღებულ ნიშნებს მშობლების ნაწილი აკონტროლებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ასახავს თუ არა ეს ნიშანი მოსწავლის ცოდნის ხარისხს და ნიშნავს თუ არა კარგი ნიშანი ბავშვის უკეთეს უნარებს – ამას განათლების სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ.

სასკოლო კვლევების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი ნიშნების სისტემის გაუქმების მომხრეა. იგი EDUKIDS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნიშნებით მოსწავლეთა შეფასებას უარყოფითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – დადებითი. უპირველეს ყოვლისა, იგი შეფასების პროცესში მასწავლებლის სუბიექტურობის საფრთხეს ხედავს.

სასკოლო კვლევების სპეციალისტი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, მასწავლებლებმა შეფასების რუბრიკების გამოყენება დაიწყონ.

„კარგი ნიშანი არ ნიშნავს უკეთეს შესაძლებლობებს. მოსწავლის შეფასებისას მასწავლებლის მხრიდან სუბიექტურობის დიდი დოზაა. ისინი არ იყენებენ შეფასების რუბრიკებს. მაგალითად, თუ წერს ათ  ქულას, კონკრეტულად არ აქვს გაწერილი, ორი ქულა ცოდნის რა დონეზე ფლობაში დაწერა, ოთხი ქულა რას წარმოადგენს ამ ათ ქულაში… რომ გაზომოს კონკრეტულად, რა ნიშანი რას ნიშნავს. მასწავლებელი სუბიექტურად წყვეტს, რა ნიშანი დაწეროს და ამის გამო, ნიშანი შეიძლება ობიექტურად არ ასახავდეს ცოდნას.

რუბრიკები არ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდებულია, რომ არსებობდეს. არსებობს საიტები, სადაც განმარტებულია, როგორ უნდა შეიქმნას რუბრიკა. ამას სჭირდება ცოდნა და შრომა. გამოცდილება არ არსებობს ამისთვის. შეიძლება აკეთებენ მასწავლებლები ამას, მაგრამ არა მასობრივად“, – ამბობს მუხრან გულიაშვილი.

ამასთან, იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მასწავლებელმა სემესტრის დასაწყისში სასწავლო მიზნები დაისახონ და სემესტრის ბოლოს, შესაბამისი შემფასებელი მეთოდით დაადგინონ, მიაღწიეს თუ არა შედეგს, – „ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც არ არის განმარტებული, რა მიზნით იწერება ნიშანი, რა საგანმანათლებლო მიზანი აქვს. სისტემურ დონეზეა შესაცვლელი მიდგომა“.

გულიაშვილი მომხრეა, მერვე კლასამდე მაინც, ნიშნებით შეფასების სისტემა არ მოქმედებდეს.

„ნიშნებს მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ. მე რადიკალური მოსაზრება მაქვს – ვფიქრობ, რომ მერვე კლასამდე მაინც, ნიშნები საერთოდ არ უნდა იწერებოდეს. ამის გამოცდილება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არსებობს. ჩვენთან, მეხუთე კლასამდე არ იწერება ნიშნები. ზოგადად, ნიშნებით შეფასებას უარყოფითად ვუყურებ. ეს იწვევს იმას, რომ მოსწავლე ნიშანზე ხდება ორიენტირებული და არა ცოდნის მიღებაზე. ეს პლაგიატის უნარების განვთარებასაც უწყობს ხელს – მოსწავლე, რომელსაც უნდა, მაღალი ნიშანი მიიღოს, აკეთებს ყველაფერს, რომ სხვისგან გადაიწეროს. ბნელი მხარეები აქვს ნიშნებით შეფასებას“, – მიაჩნია ექსპერტს.

რაც შეეხება იმას, რამდენად პროფესიონალურად ხდება საგამოცდო კითხვების ფორმულირება, გულიაშვილი ამბობს, რომ ამის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია შესაბამისი უნარების გაუმჯობესება.

„კარგი ტესტების შექმნას სჭირდება შესაბამისი კურსების გავლა და პროფესიონალიზმი. მასწავლებელს არავინ არ უმოწმებს ამას, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველა მასწავლებლის მიერ შედგენილი ტესტის ადეკვატურობა შეამოწმოს ვინმემ. ამას ბიუროკრატია დასჭირდება. მასწავლებელი შემფასებელ მეთოდს ისე ადგენს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. არსებობს გაიდლაინები, როგორ ხდება ტესტის სწორად ფორმულირება.

ვფიქრობ, კარგი იქნება კურსების ორგანიზება, ხელმისაწვდომი რესურსის შექმნა ისე, რომ ისწავლონ მასწავლებლებმა, შეფასების რუბრიკების, ტესტების შედგენა“, – აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა.

რატომ, რისთვის და როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში?

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის