GE


მოხის სკოლის მოსწავლეებმა დირექტორის წინააღმდეგ პროტესტი შეწყვიტეს

მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ორი დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

პროტესტი მათ სკოლის დირექტორს გამოუცხადეს, რომელმაც მუსლიმ გოგონას თავსაბურავის მოხდა მოსთხოვა. მოსწავლეები ამბობენ, რომ ამ მითითებით, დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა.

პროტესტის შეწყვეტა მათ პრეზიდენტის მრჩეველთან სოფიო შამანიდთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს.  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მოხეში პრეზიდენტის დავალებით იმყოფებოდა. იგი როგორც აქციის მონაწილე მოსწავლეებს, ისე სკოლის დირექტორს შეხვდა. სკოლის დირექტორი სოფიო შამანიდს დაჰპირდა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.

„ძალიან სასიამოვნო ტენდენცია შევნიშნე აქ, მოხეში, რომ სკოლის მოსწავლეებს შეძლებიათ საკუთარი უფლებების თავად დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე შევხვდი ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჭკვიან ახალგაზრდებს. მეტიც, ისინი კონსტიტუციით მესაუბრნენ, ისინი იცნობენ საქართველოს კონსტიტუციას და იციან საკუთარი უფლებების შესახებ და შეუძლიათ კარგად დააფიქსირონ პოზიცია“, – აღნიშნა სოფიო შამანიდმა შეხვედრის შემდეგ.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის