GE


„მიაჩვიეთ შვილები ხელების ჰიგიენას, ასწავლეთ ხველის/ცემინების ეტიკეტი“ – სპეციალისტის რჩევები

ზამთარში, რესპირაციული ინფექციების გამომწვევი, 200 სახეობის ვირუსი აქტიურდება და მათგან დასაცავად სპეციალისტის რჩევების გათვალისწინება რეკომენდებულია.

EDUKIDS.GE დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა. ზახაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სახეობის ვირუსები მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომატიკით ხასიათდება და საზოგადოება მათ, ხშირად, გრიპს უწოდებს.

„გრიპის ვირუსი – დასახელებული 200 სახეობის ვირუსთაგან ერთერთია და თავის მხრივ 3 ქვეტიპს მოიცავს.

გრიპი რესპირაციულ ვირუსთაგან ერთადერთია, რომლის პირდაპირი პრევენციის საშუალებაც არსებობს და საკმაოდ ეფექტურია. ეს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. აუცრელ ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს აქვთ მომეტებული რისკი დაავადდნენ გრიპით და დაავადება წარიმართოს მძიმედ.

ზამთრის სეზონზე, გარდა გრიპისა, აქტიურად ცირკულირებს პარაგრიპის, რინო, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები, რომლებიც ადვილად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი.

იგი ჰიგიენის ნორმებისა და ხველის/ცემინების ეტიკეტის დაცვისკენ განსაკუთრებით მოუწოდებს სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებებს.

„ჩემი რეკომენდაციაა, არ დაუშვან სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებაში დაავადებული ადამიანის ყოფნა. ხშირად გაანიავონ სივრცეები, ხოლო ინვენტარი უნდა დაიწმინდოს სველი წესით.

მიაჩვიეთ შვილები ხელების ჰიგიენას, ასწავლეთ ხველის/ცემინების ეტიკეტი. თუ ბავშვი ავადაა არ გაუშვათ სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებაში და დროულად მიმართეთ ექიმს.

რესპირაციული ვირუსების დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე გადატანაში დიდ როლს თამაშობს ხელები. ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით და შემდგომ იმავე ხელის მოხვედრისას ლორწოვან გარსებზე (ცხვირი, პირი, თვალები) ვირუსი ვრცელდება ადამიანიადან ადამიანზე. ამიტომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა – ეს ჩვევა ბავშვებს არამხოლოდ რესპირაციული ვირუსებისგან დაიცავს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ფეკალურ-ორალური მექანიზმით გადაცემადი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც, რომელთა უმეტესობა დიარეით მიმდინარეობს“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის