GE


კვებისა და ძილის რეჟიმი კლასში ბავშვის აქტივობებზე აისახება

კვებისა და ძილის რეჟიმი სკოლაში, ბავშვის აკადემიურ მოსწრებებს პირდაპირ უკავშირდება. აღნიშნული დასკვნა კვებისა და ძილის მედიცინის სპეციალისტებმა გააკეთეს.

„შენს ტვინს არ შეუძლია, იმუშაოს, თუ არ იღებ საკმარის კალორიებს. ზოგადად, პრობლემა ეს არ არის. მაგრამ როცა ბავშვი სკოლაში მიდის საუზმის გარეშე, მისი კოგნიტური შესაძლებლობები ზარალდება“, – განმარტავს კრისტა კასაზა, კვებითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აშშ-ში.

კასაზა მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვებმა დღე ხილით, ცილებით დაიწყონ, უარი თქვან შაქარზე.

„დაბალანსებული საუზმე ორგანიზმს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამარაგებს და სადილობამდე დამატებით წახემსება საჭირო აღარაა.

თუ ბავშვს მაინც უნდა, რომ სადილამდე რაიმე ჭამოს, შესთავაზეთ იოგურტი, ხილი და ბოსტნეული. თუ „ბავშვური გასართობი“ მოითხოვა, „ჩიფსი“, ზომიერების ფარგლებში, შეიძლება იყოს გამოსავალი. დაალევინეთ წყალი – გაზიან სასმელებს კვებითი ღირებულება არ აქვს“, – ამბობს კასაზა.

ჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ, როცა საშინაო დავალებებიც მზადაა, საჭიროა დროული ძილი.

„ბავშვებს ღამით კარგი ძილი სჭირდებათ. ძილის ნაკლებობას მივყავართ კლასში კონცენტრირებისა და მეხსიერების პრობლემებთან. არ არის გამორიცხული, ძილის რეჟიმის დარღვევა დეპრესიის მიზეზიც გახდეს“, – აღნიშნა ძილის მედიცინისა და პედიატრიული სამმართველოს ასოცირებულმა პროფესორმა კრისტინ ეივისმა.

ეივისი ამბობს, რომ 6-დან 12 წლამდე ბავშვებმა ღამით ცხრა საათს უნდა იძინონ, ისევე, როგორც მოზარდებმა 13-დან 18 წლამდე, მაგრამ მათ, როგორც წესი, შვიდ-რვა საათს სძინავთ.

„მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ერთი ღამით ძილის ნაკლებობა არაფერს ავნებს, მაგრამ ეს მომდევნო დღეზე გავლენას ახდენს. თუ ქრონიკული გახდება ძილის ნაკლებობა, თოვლის გუნდის ეფექტით, ბავშვის ეფექტიანობა მით უფრო გაუარესდება.

თუ ბავშვს შაბათს გვიანობამდე სძინავს, ღამით დაძინება გაუჭირდება, მომდევნო კვირა დილას გვიანობამდე იძინებს, ღამით კი, ისევ გაუჭირდება ძილი. ორშაბათს დილით იგი დაღლილი იქნება და ადრე გაღვიძება რთული იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია კვირის ყველა დღეს, ძილის რეჟიმის შემუშავება“, – აღნიშნა ეივისმა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის