GE


„ეგ ისეთი რამაა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მხოლოდ საქციელით“ – სიყვარულზე კითხვას ბავშვები პასუხობენ

რა არის სიყვარული – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ზრდასრულებასც უჭირთ და პასუხებიც ხშირად, განსხვავებულია.  EDUKIDS.GE დაინტერესდა, როგორ აღიქვამენ სიყვარულს პატარები.

გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს. 3-დან 10 წლამდე ბავშვებს ეს კითხვა დედებმა დაუსვეს.

შვიდი წლის ლუკამ დედას აკოცა და უთხრა, ესაა სიყვარული;

შენი სიცოცხლე არის სიყვარული – ასე უპასუხა ოთხი წლის სანდრიკომ დედას;

შენ რომ მივლი, მაძინებ მაჭმევ, ესაა სიყვარული – ხუთი წლის ანიტა;

დაბადებიდან მიყვარხარ, რომ გავჩნდი იმ წუთიდან. საავადმყოფოში მარტო მე და შენ ვიყავით, მუცელში რომ ვიყავი, იმ დროსაც მე და შენ ვიყავით – ეს არის სიყვარული – ექვსი წლის გიორგი;

მოფერება, სურვილების ასრულება და დაჯერება არის სიყვარული – ექვსი წლის მათე.

ეგ ისეთი რამაა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მხოლოდ საქციელით, – პატარა გიო.

მარგალიტი, ბედნიერება და შოკოლადი – სამი წლის ილიკო;

სიყვარული არის მთავარი გრძნობა, რომელიც აერთიანებს – ათი წლის ანა;

კარგი ურთიერთობა არის სიყვარული – ხუთი წლის ვატო;

სიყვარული იცი, რა არის? ზრდილობიანად რომ ექცევი ადამიანს, ოჯახურად;

სიყვარული ლამაზია – სამი წლის გიო;

სიყვარული ისაა, რომ ჩაეხუტები და კოცნი. მეგობარი რომ გიყვარს ან ქმარი რომ ცოლს მოიყვანს, ესაა სიყვარული – ხუთი წლის გიო;

ცოლს რომ მოვიყვან, ეგაა სიყვარული – ხუთი წლის სანდრო;

ვინც ბევრ რამეს მიყიდის, ისაა სიყვარული – ხუთი წლის საბა;

სიყვარულია, როცა ბიჭი გოგოს უფრთხილდება, არ აბრაზებს და არასდროს მიატოვებს – 5 წლის პატარა;

მე ვიცი, რომ სიყვარული იმით გამოიწვევა, ერთად რომ ცხოვრობენ ისე, რომ არ ჩხუბობენ, როგორც კინოებში – ექვსი წლის თეკლა;

ერთად ყოფნაა სიყვარული – ცხრა წლის მარიამი;

საჭმელი და სათამაშოები – პატარა ნუცა;

სიყვარული მე ვარ – სამი წლის მარიამი;

სიყვარული არის ტელევიზორი, პლასტელინები და ბევრი ფერადი ფანქარი – ოთხი წლის თეკლა.

როცა ორი ადამიანი შრომობს და ერთმანეთს გვერდით უდგას და ოჯახზე ზრუნავენ, ესა სიყვარული – ექვსი წლის ნიკუშა.

სიყვარული არის ოჯახის დაცვა – ოთხი წლის პატარა.

ჰკითხეთ თქვენს პატარასაც, რა არის სიყვარული – ეს მასთან ერთად, თქვენც დაგაფიქრებთ.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის