GE


დავალებები არდადეგებისთვის – საჭიროა თუ არა მოსწავლის დატვირთვა დასვენების დროს

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და მოსწავლეები ორკვირიანი თავისუფალი დროით ისარგებლებენ. არის თუ არა აუცილებელი ამ თავისუფალი დროის ნაწილი კვლავ მასწავლებელმა გააკონტროლოს და იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესს მარტივად დაუბრუნდეს, მას დამატებითი დავალება მისცეს?

ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ თუნდაც არდადეგების პერიოდში, ბავშვის გარკვეულ რეჟიმში მოქცევა მაინც აუცილებელია. მან EDUKIDS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ ამ თვალსაზრისით, ბავშვის მინიმალური დატვირთვა სასარგებლოა, მაგრამ იგი ყოველდღიურ რუტინაში არ უნდა იყოს.

„არდადეგები ჰქვია იმას, რომ ბავშვმა უნდა დაისვენოს და მოწყვეტილი იყოს რეჟიმს, ყოველდღიურ განრიგს. მაგრამ, მინიმალური დატვირთვა არ ნიშნავს რუტინულ დავალებებს. სრულად რომ არ ამოვარდეს სრული რეჟიმიდან ბავშვი, რეკომენდებულია გარკვეული დავალების მიცემა.

დღის მანძილზე, საერთოდ, ჯობია, ბავშვი რეჟიმში იყოს, არამარტო სწავლის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად. დასვენება თავისას აკეთებს და შესაბამისად, ბავშვი მეტნაკლებად თავისუფლად გრძნობს თავს, ამიტომ, რეჟიმში ყოფნა სასარგებლოა. მინიმალური დატვირთვა არ აწყენს“, – ამბობს ნევროლოგი.

EDUKIDS.GE დედაქალაქისა და რეგიონების რამდენიმე სკოლას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, საჯარო სკოლებში არსებული პარქტიკის მიხედვით, მასწავლებლები მოსწავლეებს არდადეგების პერიოდში, ძირითადად, არასასკოლო დავალებებით ტვირთავენ.

თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ედილაშვილი მიიჩნევს, რომ არდადეგების დროს დავალებების გაკეთება მოსწავლეებისთვის კარგი პრაქტიკაა.

„დასვენების პერიოდში, დღის განმავლობაში დროის განსაზღვრული ოდენობის დახარჯვა იმაზე, რომ არ ჩამორჩეს, მოსწავლისთვის საჭიროა. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ არასასკოლო მასალა ექნებათ დავალებად, რადგან სასწავლო პროგრამა კლასში უნდა შესრულდეს. დამატებითი ლიტერატურა უნდა მისცენ მასწავლებლებმა მოსწავლეებს, მაგრამ ჯობია, სასკოლო პროგრამას მიახლოებული იყოს“, – ამბობს ედილაშვილი.

თელავის N1 სკოლის დირექტორი მაია ოთარაშვილი კი მიიჩნევს, რომ ზამთრის მოკლე არდადეგების პერიოდში, ჯობია, ბავშვებმა დაისვენონ. დამატებითი ლიტერატურის კითხვას ისიც სასარგებლოდ მიიჩნევს.

„დოზირებული საშინაო დავალებები ჯობია ზაფხულის არდადეგების დროს. ზამთრის არდადეგების დროს, ჯობია, დაისვენოს ბავშვმა და დასვენებული გონებით, მეორე სემესტრში სწავლას ადვილად დაიწყებს.

უმჯობესია, თუ დავალებები უფრო დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ექნებათ. მინიმალური ოდენობით, დამატებითი ლიტერატურის კითხვა, წაკითხულიდან კითხვების დასმა და მოსწავლის შემოწმება სასარგებლოა“, – აღნიშნავს მაია ოთარაშვილი.

დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლის დირექტორი მელანო მჭედლური აღნიშნავს, რომ არდადეგების პერიოდში არასასკოლო მასალის მიცემა ბავშვებს არ ტვირთავს.

„საინტერესო წიგნები მიაქვთ ბიბლიოთეკიდან და კითხულობენ. ასეთი დავალებებით დატვირთულები არ არიან“, – თქვა მჭედლურმა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის