GE


„ჭამის დაძალებაც ძალადობაა“ – როგორ დავიცვათ ბავშვი სიმსუქნისგან

ბავშვების სიმსუქნე, ხშირად, არა პრობლემად, არამედ ჯანმრთელობად აღიქმება – პრობლემად ეს მოგვიანებით, ბავშვის ზრდასთან ერთად იქცევა. რაზე უნდა უთხრან უარი მშობლებმა ბავშვებს და რითი შეიძლება ჩაანაცვლონ კალორიული საკვები – ამ საკითხებზე EDUKIDS.GE-ს ბავშვთა ენდოკრინოლოგი თამარ მაჭარაშვილი ესაუბრა.

„მენიუ მუდმივად უნდა აკონტროლოს მშობელმა. საკვები არ უნდა იყოს ძირითადად ნახშირწყლებისგან შემდგარი, ანუ, მხოლოდ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები არ უნდა მიიღოს ბავშვმა (ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები – პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული).

საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის წახემსება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და მხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით უნდა შემოიფარგლოს. აუცილებელია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ცილითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება – ხორცი, რძის პროდუქტები, პარკოსნები.

ღამის კვება მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ძილის წინ კვება – თუ ეს ასაკობრივად, ჩვილებში, არ არის აუცილებელი – საერთოდ უნდა ამოვიღოთ.

აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა, სირბილი, თამაში, ხტუნაობა, ასაკის შესაბამისად, სპორტით დაკავება“, – ამბობს თამარ მაჭარაშვილი.

როგორ მოქმედებს აკრძალვა ან რა შედეგი აქვს დაძალებას – მსგავს მიდგომას ბავშვთა ენდოკრინოლოგი ძალადობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ როგორც აკრძალვას, ისე დაძალებას, უარყოფითი შედეგი მოაქვს.

„ჭამის დაძალებაც ძალადობაა. როგორც წესი, მოგვიანებით, იმ ბავშვებს უჩნდებათ ხოლმე სიმსუქნის პრობლემა, რომლებსაც აძალებენ და ზედმეტი რაოდენობით საკვებს აძლევენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ბავშვს მადა არ აქვს და სამედიცინო ჩვენებაა, მას ვიტამინების კომპლექტი უნდა მივაღებინოთ, რაც ზოგად იმუნიტეტს გააძლიერებს. არ არსებობს უმადო ბავშვი – მათ აქვთ საყვარელი საკვები, რასაც სიამოვნებით ჭამენ. პრობლემა ისაა, რომ მათ უფრო მეტად ნახშირწყლების შემცველი საკვები უყვართ. ამიტომ, შეზღუდვაა აუცილებელი, მაგრამ არა – აკრძალვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააძალოს მშობელმა ბავშვს, ჭამოს ან არ ჭამოს კონკრეტული საკვები“, – ამბობს თამარ მაჭარაშვილი.

იგი მშობლებს ურჩევს, თუ ბავშვი მის მიერ შეთავაზებულ საკვებზე უარს ამბობს, დასათანხმებლად თამაშს მიმართოს, – „ბავშვები კარგად წამოეგებიან, როცა თეფშზე საკვებს ლამაზად დავუწყობთ. ხილს, ბოსტნეულს. ვეთამაშებით, თითქოს რესტორანშია. ეს უფრო ჭრის“.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ არ არსებობს ბავშვისთვის აკრძალული პროდუქტი, თუ ეს მის ჯანმრთელობას არ უკავშირდება, მაგალითად, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, – „ცხარე და სუნელებიანი საკვებიც ბავშვმა მისი გემოვნების მიხედვით უნდა მიიღოს“.

რაც შეეხება მარცვლეულსა და პურს, თამარ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტების მიღება, ნორმის ფარგლებში, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია.

„მარცვლეული და პური ბავშვმა იმ შემთხვევაშიც უნდა მიიღოს, თუ მას სიმსუქნის პრობლემა აქვს. ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა მიიღოს ბავშვმა ამინომჟავების შემცველობის გამო, რაც ამ პროდუქტებშია. საჭიროა რაოდენობრივი კონტროლი. ნებისმიერი პროდუქტი უნდა მიიღოს, მხოლოდ საერთო მენიუს კალორიულობა ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცირების ხარჯზე უნდა შემცირდეს. რომელიმე პროდუქტის საერთოდ ამოღება მენიუდან არაა რეკომენდებული, თუ ეს ჯანმრთელობას არ უკავშირდება.

განსაკუთრებით უნდა შეიზღუდოს სწრაფად შეწოვადი, ეგრეთ წოდებული რაფინირებული ნახშირწყლები – კამფეტები, საკონდიტრო ნაწარმი“, – აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.

კვებასთან ერთად, იგი ძილის რეჟიმის დაცვასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს – „ბავშვებს, რომლებსაც გვიანობამდე სძინავთ, საკვების გვიან მიღება უწევთ, რაც რეჟიმს არღვევს“.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის