GE


„ბავშვმა მშობელი წიგნით ხელში ხშირად უნდა ნახოს“ – ფსიქოლოგი

ბავშვებს მაშინ, როცა ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, სიამოვნებთ იმის გააზრება, რომ რასაც მოისურვებენ იმას გააკეთებენ. რამდენად მნიშვნელოვანია, ამ თავისუფალი დროის დაგეგმვაში მშობელი ჩაერიოს? ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, EDUKIDS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მშობელი ამ პროცესში ფრთხილად უნდა ჩაერიოს.

„ბავშვის თავისუფალი დროის ორგანიზაცია დასაგეგმია და მოსაფიქრებელი. ეს არ არის ზედაპირული საკითხი, რომელიც სტიქიურად უნდა მივუშვათ. სკოლის შემდეგ თუ არდადეგების პერიოდში, თავისუფალი დრო ბავშვთან ერთად უნდა დაგეგმოს მშობელმა.

ჩემი პრაქტიკიდან ვიცი, ბევრი მშობელი უჩივის იმას, რომ მისი შვილი სახლში მეტ დროს ატარებს, ჩახუთულ სივრცეშია, გაჯეტებთან… ამ მხრივ აუცილებელია, მშობელმა კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმოს – ბუნებაში გასვლა, ლაშქრობა; ზამთარში საინტერესო ღონისძიებები – სპორტული სექციები, ის, რაც შედის ბავშვის ინტერესებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მასთან ერთად იყოს დაგეგმილი და არავითარ შემთხვევაში – თავს მოხვეული“, – ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება არდადეგების პერიოდში, მასწავლებლის დავალებით, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, ბავშვთა ფსიქოლოგი აქაც ფრთხილი მიდგომის მომხრეა და ამბობს, რომ კითხვის დაძალება შედეგს არ მოიტანს. იგი მშობლებს შვილებისთვის მაგალითის მიცემისკენ მოუწოდებს.

„კითხვის კულტურა ადრეული ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. უნდა არსებობდეს გარკვეული რიტუალები – ძილის წინ კითხვის, ამბის მოყოლის.

ბავშვები მიბაძვით სწავლობენ. უნდა იფიქროს მშობელმა იმაზე, რომ წიგნით ხელში ხშირად ნახოს ბავშვმა. თუ ოჯახში არავინ არ კითხულობს, იძულებით კითხვა არ შეუყვარდება. საკუთარი მაგალითით უნდა მიაჩვიოს მშობელმა და არა მენტორული ტონით“, – აღნიშნა ლელა მურუსიძემ.

დავალებები არდადეგებისთვის – საჭიროა თუ არა მოსწავლის დატვირთვა დასვენების დროს

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის