GE


ბავშვებში დიარეის გამომწვევი და ზრდის შემაფერხებელი ბაქტერიების უსიმპტომოდ გავრცელების შემთხვევები აღმოაჩინეს

ბაქტერიის ტიპი, რომელიც დიარეასა და ზრდის შეფერხებას იწევს განვითარებად ქვეყნებში, განვითარებული ქვეყნების ბავშვებშიც აღმოაჩინეს. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს ან უმნიშვნელო სიმპტომები გამოუვლინდათ, ან სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდათ. მკვლევრებმა მიზეზების ძიება დაიწყეს.

ბაქტერია, რომელიც ენტეროაგრეგაციული კოლის სახელითაა ცნობილი, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებში ქრონიკულ დიარეას და ზრდის შეფერხებას იწვევს. ეს ბაქტერია ასევე უკავშირდება დიარეის ეპიდემიის გავრცელებას რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში. 2011 წელს, გერმანიაში, ამ ეპიდემიამ 54 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დანიელი მეცნიერების ჯგუფმა დანიის ერთერთ საბავშვო დღის ცენტრში, აღსაზრდელებში ნაწლავური ბაქტერიების გავრცელება გამოიკვლიეს. მკვლევრები 6 წლამდე 179 ბავშვს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში, ისინი ბავშვების ნაწლავებში ბაქტერიების არსებობას დროდადრო ამოწმებდნენ, ეკითხებოდნენ მშობლებს, ხომ არ შეუნიშნავთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერია ენტეროაგრეგაციული კოლი ბავშვების 14%-ში ჭარბად იყო გავრცელებული. ამ ბავშვების 50%-ს წლის განმავლობაში, გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, მაგრამ ეს სიმპტომები უმნიშვნელო იყო და გავლენა ბავშვის ზრდის პროცესზე არ მოუხდენია.

თუ სიმპტომები სერიოზული არაა, აქვთ თუ არა მშობლებს ნერვიულობის მიზეზი? მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნორმალურ პირობებში, სხვადასხვა სახის ნაწლავური მიკრობები ერთმანეთს აბალანსებენ. მაგრამ, როცა ამ ბალანსს გარეფაქტორები არღვევს, შესაძლოა, დიარეული დაავადება განვითარდეს.

კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი კარენ კროგფელტი ამბობს, რომ შედეგები შემაშფოთებელია, – „ჯანმრთელ ბავშვებში, ბაქტერია, ძირითადად, ზიანს არ იწვევს, ბუნებრივი „კოლონიზაციური რეზისტენტობის“ გამო, რასაც ნაწლავებში სხვა ტიპის ბაქტერიების არსებობა უზრუნველყოფს. თუმცა, მიკრობების ბალანსის მცირე ცვლილებამაც კი (მკურნალობის, ან დიეტის ცვლილების შედეგად გამოწვეული) შესაძლოა მძიმე სიმპტომები გამოიწვიოს“.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში უფრო სპეციფიკური ანტიბაქტერიული მედიკამენტები იარსებებს, რაც ნაწლავური ბაქტერიების ბალანსს არ დაარღვევს.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის