GE


„წააგებინეთ ბავშვებს“ – ფსიქოლოგების რჩევა მშობლებს

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ: „როცა გგონიათ, რომ თუ ბავშვს თამაშს მოაგებინებთ, იგი უფრო თავდაჯერებული გაიზრდება, ამით შეიძლება მას ცუდი სამსახური გაუწიოთ“.

ამჰერსტის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორმა კერი პალმკუისტმა და ყოფილმა სტუდენტმა ეშლი რაზერფორდმა აღმოაჩინეს, რომ როცა მცირეწლოვნები კონკრეტული ამოცანის შესრულებისას „მოჩვენებით წარმატებას“ იღებდნენ, ეს მათ უნარს, გააკეთონ დასკვნები თამაშის მიმდინარეობისას, ვნებს.

მომავალში, ამ ბავშვებმა შესაძლოა უარყონ ღირებული ინფორმაცია, რისი გამოყენებაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეეძლოთ.

ექსპერიმენტების სერიაში, პალმკუისტმა და რაზერფორდმა 4 და 5 წლის ბავშვებს სთხოვეს, ეთამაშათ საგნების დამალვის თამაში. ამ თამაშში ორი ზრდასრული მონაწილეებს მინიშნებას სთავაზობდა. ერთი მათგანი ყოველთვის სწორ მინიშნებას აკეთებდა, მეორე – არასწორს.

ამის შემდეგ, კვლევის ავტორები თამაშში ჩაერივნენ და დაიწყეს მანიპულირება მონაწილე ბავშვების მხოლოდ ნახევრისთვის – მათ საითაც არ უნდა გაეხედათ, ყოველთვის პოულობდნენ დამალულ სათამაშოს.

კვლევაში მონაწილე დანარჩენი ბავშვებისთვის წარმატება შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული – თუ სწორ მინიშნებას მიიღებდნენ, საგანს პოულობდნენ, სხვა შემთხვევაში ამის ნაკლები შანსი ჰქონდათ.

თამაშის შემდეგ, მკვლევრებმა თავიანთ ახალგაზრდა საკვლევ სუბიექტებს ჰკითხეს, მათი დამხმარე ორი ადამიანიდან რომელს სთხოვდნენ დახმარებას სხვა დამალული საგნების მოძებნაში.

იმ ბავშვებმა, რომლებმაც თამაშის გაყალბებულ ვერსიაში მიიღეს მონაწილეობა, უპირატესობა არ მიანიჭეს სწორი მინიშნებების ავტორს, ფაქტობრივად, ისინი არც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანს დახმარება შეუძლია.

თამაშის მეორე ვერსიაში მონაწილეებმა სწორი მინიშნების ავტორი აირჩიეს დამხმარედ.

„როცა ბავშვები იყვნენ ძალიან წარმატებული, არ შეუმჩნევიათ ის მინიშნებები, რასაც სხვები იღებდნენ და არც ის, ვინ იყო  უკეთესი ინფორმაციის წყარო.

ეს მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველი – უშვებს ვარაუდს, რომ ბავშვები შეიძლება არ არიან ისეთი საზრიანები, როგორადაც ამას წინა კვლევები უშვებდა; მეორე, რეალურ სამყაროში, როდესაც ბავშვი დიდ წარმატებას გამოცდის – მაგალითად, დედა ან მამა თამაშს როცა მოაგებინებს – იგი ვერ აცნობიერებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობას, რისი გამოყენებაც შეუძლია – მომავალში, წარმატების მისაღწევად ეს ნაკლებად გამოსაყენებელ ინფორმაციად მიაჩნიათ“ – განმარტა პალმკუისტმა.

მასწავლებლისა და მოსწავლის კვლევითმა ჯგუფმა შედეგების შესახებ ინფორმაცია Journal of Experimental Child Psychology-ში გამოაქვეყნა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის