GE


ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვიდან ფსიქო-სოციალური დახმარება ათ ბავშვს გაეწია

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გასაწევად საქართველოში სახელმწიფო ფონდი არსებობს. დახმარების გაწევას დაზარალებულებისთვის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ კანონმდებლობა ავალდებულებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვია აღრიცხული. რეაბილიტაცია მათგან მხოლოდ ათ ბავშვს გაეწია. აღნიშნული მონაცემები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშშია მოყვანილი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ინფოგრაფიკა მოამზადა.

„ინფოგრაფიკა ასახავს გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ და მათგან, თავშესაფრის ბაზაზე გაწეული ფსიქო-სოციალური დახმარების რაოდენობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ინფოგრაფიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 2014 წელს, 280 ბავშვი გახდა, 2015 წელს – 448, 2016 წელს – 218. ამასთან, 2016 წლის მონაცემები არასრულია.

2016 წელს, ფსიქო-სოციალური დახმარება 218-დან 6 ბავშვს გაუწიეს; 2015 წელს – 1 ბავშვს 448-დან; 2014 წელს კი 280 ბავშვიდან – სამს.

სახელმწიფო ფონდის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად თავშესაფრები სიღნაღში, ქუთაისსა და გორშია განთავსებული.

ვებგვერდზე განმარტებულია, რომ რიგ შემთხვევებში თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფარში არ იღებენ. ამ მიზეზებს შორისაა შინაური ცხოველების აკრძალვა, – „თავშესაფარში  პირი არ მიიღება თუ მას ჰყავს შინაური ცხოველ(ებ)ი/ფრინველ(ებ)ი (კატა, ძაღლი და სხვ.) და ითხოვს მასთან ერთად თავშესაფარში განთავსებას“.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის