GE


მშობლებთან ცუდი ურთიერთობა ბავშვის ჯანმრთელობაზე ათეული წლის შემდეგ აისახება

მშობლებთან ცუდი ურთიერთობა ბავშვის ჯანმრთელობაზე ათეული წლის შემდეგ აისახება. მშობლების სითბოს ნაკლებობა, ან მშობლის მხრიდან ბავშვზე ძალადობა, მისი შეურაცხყოფა, შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ამ დასკვნამდე ბეილორის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ.

„მშობელსა და ბავშვს შორის კარგი ურთიერთობა შეიძლება საჭირო იყოს კვების, ძილის, რუტინული აქტივობების ჩამოსაყალიბებლადაც“, – ამბობს მკვლევარი, ბეილორის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი მეთიუ ანდერსონი.

კვლევის შედეგების გაანალიზების გზით გამოვლინდა, რომ მაგალითად, თუ მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობა არის დაძაბული ან ერთმანეთს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას, საკვები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და ბავშვები დიდი ალბათობით, იწყებენ ტკბილეულის ჭამას. ასეთ გარემოში, ძილისა და რუტინული აქტივობების რეჟიმიც შეიძლება დაირღვეს. ეს ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესით განვითარებას ხელს შეუშლის.

„ადრე კვლევები აჩვენებდა, რომ მშობლები, რომლებსაც აქვთ განათლების დაბალი დონე და ცუდი ფინანსური მდგომარეობა, უფრო მეტად ცდილობენ ბავშვის დამორჩილებას, ნაცვლად კონსტრუქციული საუბრისა და ამან შეიძლება შეამციროს თბილი ურთიერთობების შესაძლებლობა. დაავადებები ასეთ ბავშვებში, როცა ისინი არიან უკვე მოზარდები, დაკავშირებულია სწორედ ძალადობასთან, არასათანადო მოპყრობასა და მშობლების მხრიდან რთულ ურთიერთობასთან“, – ამბობს კვლევის ავტორი.

კვლევის პროცესში, რომელიც ათი წლის ინტერვალით ჩატარდა, ჯანმრთელობა განსაზღვრული იყო როგორც 28 შესაძლო დაავადების არქონა. მათ შორის კიბო, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, ინფექციები და პარაზიტული დაავადებები, კანის ან კუჭის დაავადებები და კუნთთან დაკავშირებული დარღვევები.

„მშობელსა და შვილს შორის შესაფერისი, თბილი ურთიერთობების გარეშე, სოციოეკონომიკური უპირატესობა ბავშვს არ ეხმარება ზრდასრულობის პერიოდში ქრონიკული დაავადებებისგან იყოს დაზღვეული“, – აღნიშნა მკვლევარმა.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის