GE


„იყავით კეთილი, გთხოვთ“ – ამერიკელი ბავშვების წერილები დონალდ ტრამპს

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდამჭერმა მოლი სპენს საჰებიამიმ ბავშვებს არჩეული პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის წერილების დაწერა სთხოვა.

წერილები მან სოციალურ ქსელში, ერთერთ დახურულ ჯგუფში გაერთიანებული მშობლების შვილებს დააწერინა.

„როგორ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დასცინის, აკეთებს სექსისტურ განცხადებებს ქალების შესახებ, გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში აიკრძალოს ყველა რელიგია, შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს კანის ფერის ნიშნით და ახალისებს ძალადობას?

მე ვესაუბრე ჩემს ბევრ მეგობარს, რომლებსაც შვილები ჰყავთ. ყველას ერთი კითხვა გვაქვს – რას ვეუბნებით ჩვენს შვილებს, რატომ გაიმარჯვა ამ ადამიანმა?“, – ამბობს სიეტლელი დედა Huffington post – თან.

საჰებიამის გეგმა მარტივი იყო – მან ჯერ მშობლები მიიწვია „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში და სთხოვა, შვილებს პოზიტიური წერილები დაეწერათ. რამდენიმე დღის შემდეგ, ათასობით მშობელი შეუერთდა ჯგუფს, სადაც ისინი შვილების ხელნაწერი ტექსტის ფოტოებს აქვეყნებდნენ. წერილების ავტორები 4-დან 18 წლამდე ბავშვები არიან.

„ჩემი კლასელები შეშინებული არიან, გთხოვთ, არ გაყაროთ. ჩემს სკოლაში, როცა ცუდად ვიქცევით, კედელთან გვაყენებენ. ჩემს მეგობრებს არაფერი არ დაუშავებიათ“, – წერია 6 წლის ების წერილში.

„იმედი მაქვს, თქვენი პრეზიდენტობის დროს, დაეხმარებით ყველას, ნებისმიერი რასის წარმომადგენელს და არა მხოლოდ ერთი რელიგიის მიმდევარ თეთრკანიან ადამიანებს“, – წერს 13 წლის ჰედლი.

„ძვირფასო ბატონო დონალდ ტრამპ, იყავით კეთილი, გთხოვთ“, – წერია წერილში რომელსაც ხელს „პატარა ბიჭი ტომი“ აწერს.

საჰებიამი იმედოვნებს, რომ ეს წერილები ახალგაზრდა ადამიანებს დემოკრატიის მიმართ ინტერესს გაუღვიძებს და საკუთარ როლს დაანახებს. უფრო მეტად კი იმის იმედი აქვს, რომ არჩეული პრეზიდენტი ბავშვებს მოუსმენს და მათ ნათქვამს გულთან მიიტანს.

„კარგი იქნება, თუ დონალდ ტრამპის ყურადღებას მივიპყრობთ, ის მამა და ბაბუაა, ის ადამიანია“, – ამბობს კლინტონის მხარდამჭერი.

EDUKIDS.GE - განათლება ბავშვებისათვის